გიორგი ჩიქოვანი - „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე პროექტის დიზაინის ექსპერტიზა არ დასრულდება და საზოგადოება პროექტის უსაფრთხოებაში დარწმუნდება
„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე პროექტის დიზაინის ექსპერტიზა არ დასრულდება და საზოგადოება პროექტის უსაფრთხოებაში დარწმუნდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკას“ მიერ დღეს გამართული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, პროექტი უსაფრთხოა და ექსპერტების დაქირავება ხდება ერთადერთი მიზეზით, რომ საზოგადოება ამაში დარწმუნდეს.
„კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადმყოფნა, მთავარი, კრიტიკული ობიექტის – კაშხლის, მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე არ დასრულდება პროექტის დიზაინის ექსპერტიზა და არ დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს პროექტი არის უსაფრთხო. კაშხლის მშენებლობა ამ დრომდე არ განახლდება.
ჩართული იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც გაივლიან არსებულ პროექტს და შეაფასებენ. ამის შემდგომ, როდესაც დარწმუნდება საზოგადოება, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ამ პროექტს არ მოაქვს ზიანი, არ იწვევს 35 მეტრიან ტალღას, ამის შემდეგ უკვე განახლდება მშენებლობა.
ინვესტორი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი არის უსაფრთხო. ამ ექსპერტების დაქირავება ხდება ერთადერთი მიზეზით, რომ საზოგადოება დარწმუნდეს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ უსაფრთხოა.
მოლაპარაკება ადგილობრივებთან აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უნდა გამოინახოს საერთო ენა, უნდა იყოს დიალოგი აუცილებლად, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ექსპერტულ დონეზე, ეს უნდა მოხდეს გათვლებით, ეს უნდა მოხდეს მაგიდასთან. სხვაგვარად, ძალიან რთული არის პროექტზე საუბარი მიტინგზე, რთულია ემოციურ ფონზე ამ პროექტის დადებით მხარეებზე საუბარი და რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს მუშა რეჟიმში.
მე მზად ვარ, დღესვე ჩავიდე და დაველაპარაკო ადგილობრივ მოსახლეობას. შემხვედრი ნაბიჯებიც არის მეორე მხრიდან და მზაობას ვხედავ“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.