გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას(იგოეთი) 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

ნავთობის და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, პროექტს, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ბიზნეს გეგმისა და ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს.

„31-კილომეტრიან მონაკვეთის მშენებლობაზე ჯამში, დაახლოებით 8 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. ნატახტარი-ლეხურას 31-კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთიდან 14 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის(ქსანი-ლეხურა) მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. დარჩენილი 17,5 კმ-იანი მონაკვეთის (ნატახტარი-ქსანი) სამშენებლო სამუშაოები კი ამჟამად მიმდინარეობს, რომელსაც შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ ახორციელებს. დასრულება მიმდინარე წელსაა ნავარაუდევი.

ამჟამად, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგება წარმოებს „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ექსპლუატაციაში 60-იანი წლების ბოლოს შევიდა. იმის გამო, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა ამ დროიდან აღარ გაუმჯობესებულა და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სრულიად ახალი, უახლეს მიდგომებზე მორგებული მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა წამოიწყო“, – აცხადებენ კორპორაციაში.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე შეისწავლა და თითოეულ განხორციელებული თუ დაგეგმილი ეტაპის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პროექტის ხელმძღვანელებისგან მიიღო.

„ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობით, დიდ როლს შეასრულებს მოსახლეობის უწყვეტი გაზით, შეუფერხებლად მომარაგების საქმეში. კორპორაციის გუნდმა საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოები შეასრულა. გაზსადენის მშენებლობა საკმაოდ ბევრ დეტალთან და სირთულესთანაა დაკავშირებული და მიხარია, რომ თითოეულ გამოწვევას ეს გუნდი წარმატებულად გაუმკლავდა“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.