გიორგი ჭეიშვილი - არაფერია გასაკვირი, რომ „ნაცმოძრაობის“ საპასუხო აქციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერიაში დასაქმებულები, მაშინ როცა თბილისში „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მონაწილეობენ
გიორგი ჭეიშვილი - არაფერია გასაკვირი, რომ „ნაცმოძრაობის“ საპასუხო აქციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერიაში დასაქმებულები, მაშინ როცა თბილისში „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მონაწილეობენ

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლების მიერ დღეს ქუთაისში გაკეთებულ განცხადებას პარტია „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი ჭეიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კონტრაქციაში მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მოხვდნენ, თუმცა მისი თქმით, სამუშაო საათები დასრულებული იყო.

„კონტრაქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი ოფისი დააბოქლომა და დააზიანა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საპასუხო აქციაში ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ყოფილიყვნენ მერიაში დასაქმებულები, მაშინ როცა თბილისში აქციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მონაწილეობენ“, – განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ოფისი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა დაარბიეს.

ქუთაისში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ დაახლოებით ხუთსაათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს. შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოცნების ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს.