გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ოფისი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა დაარბიეს 
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ოფისი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა დაარბიეს 

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა თანამდებობის პირებმა დაარბიეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ანდრო მაღლაკელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან გუშინ გამართულ აქციას და ინციდენტებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ვითომ პროტესტი“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა, აიპებ-ის თანამშრომლებმა, ბაღების გამგეებმა და სხვა საჯარო მოხელეებმა გამოხატეს, რაშიც მათ ფულს ბიუჯეტი უხდის.

მაღლაკელიძის თქმით, ოპოზიციას არ ეშინია და პერმანენტული აქციები გაგრძელდება.

„ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, დააკავოს ყველა ოპოზიციური აზრის მქონე ადამიანი ან დაატოვებინოს ქვეყანა. ჩვენ არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილის და გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს“, – განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.

ქუთაისში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ დაახლოებით ხუთსაათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს. შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოცნების ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს.