გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ბევრი დაეხმარა და ამ წუთებშიც ეხმარებიან
გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ბევრი დაეხმარა და ამ წუთებშიც ეხმარებიან

მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, პოლიციის, უშიშროების და თუკი რამე არის, ყველაფრის შემქმნელი ადამიანი ვერ მოახერხებდა ამას, რაც გააკეთა? – მოინდომა და შემოვიდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილი და დემორალიზებულია. ამასთან, ბარამიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ბევრი დაეხმარა და ამ წუთებშიც ეხმარებიან.

„ამ ყველაფრის შემხედვარე შეიძლება, მართლა შეგეცოდოთ ეს ადამიანები, უბრალოდ იმ წუთას გახსენდება, ვინ არიან ეს დოქსოპულოები, უტიფარი, მატყუარები, რომლებიც იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ქართველი ხალხი სულელი არ არის. ვიზე ლაპარაკობენ, ცალფეხა, ცალხელა კაცი შემოეპარათ და სამხედრო ბაზა მოუწყო თბილისის ცენტრში. რაზე ლაპარაკობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, პოლიციის, უშიშროების და თუკი რამე არის, ყველაფრის შემქმნელი ადამიანი ვერ მოახერხებდა ამას, რაც გააკეთა? – მოინდომა და შემოვიდა. ესებუას ფული თავად მისცეს და ცხვირწინ აუორთქლდათ კაცი, ანუ საცოდავები არიან.

სამწუხაროდ, ახლა იმკიან იმას, რასაც ამდენი ხანი ცდილობდნენ, რომ ჩამოეშალათ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც სწორედაც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა შექმნა. ესენი თვითონ ჩამოშალეს, ყველანაირად დემორალიზება გაუკეთეს, გამოშიგნეს, მიიყვანეს თავისი ნათესავები და ახლა უკვე ეს სტრუქტურები სრულად დემორალიზებული, დიზფუნქციურია, ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ იმასაც ნუ გამორიცხავენ და გაირკვევა, რომ თვითონ შიგნით სტრუქტურებიდან ძალიან ბევრი დაეხმარა და ეხმარება ამ წუთებშიც, ამ წამებშიც მიხეილ სააკაშვილს, რადგან ამოუვიდა ყელში პოლიციელს ქურდები, კრიმინალი რომ თავში ურტყამს და დაუსჯელები პარპაშობენ, ახალგაზრდებს გვიკლავენ. პოლიციელებმა ყველაზე კარგად იციან, რა უბედურებაში ჩააგდეს, მათ შორის სუს-ში მომუშავეებმა, ჯერ კიდევ რომ შემორჩნენ და საშინელ დავალებებს ასრულებენ. 2 ოქტომბერს დაესმება წერტილი, რაზეც ლაპარაკობს სწორედ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.