გიორგი აბაშიშვილი - ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში  
გიორგი აბაშიშვილი - ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში  

ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შიშია, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიმართ უმძიმესი ბრალდებების შემდეგ პარლამენტისთვის ადმინისტრაციის მიმართვაზე  – გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურისა და მის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერაფერი გაბედა და უკან დაიხია.

„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტიურად დაიშალა. რეალურად, ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში. სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიში გამო, მათ უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენს მოწოდებაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ თუ ასეთ ბრალდებები იყო, ან იმპიჩმენტი მოეწყოთ, მათ ფაქტიურად, ვერაფერი გაბედეს. ასეთი უკან დახევის ფონზე, მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიმართ გამოძიების დაწყებასა და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა.  მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდათ შეკითხვები, თუმცა გიორგი მარგველაშვილი პასუხების გაცემას გაურბის.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ გუშინ მოუწოდა.

აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა 2 მაისს, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, მის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება და ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე.