გიგი უგულავა - ნიკა მელია უკანონოდ გააგდეს პარლამენტიდან, უმრავლესობის მოვალეობაა, მის ადგილმონაცვლეს ხმა მისცეს
გიგი უგულავა - ნიკა მელია უკანონოდ გააგდეს პარლამენტიდან, უმრავლესობის მოვალეობაა, მის ადგილმონაცვლეს ხმა მისცეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკა მელიას, სადეპუტატო უფლებამოსილება უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით შეუწყდა.

მისივე თქმით, ახლა უმრავლესობა ვალდებულია, ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს მხარი დაუჭიროს.

„ნიკა მელია აბსოლუტურად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით გააგდეს პარლამენტიდან, ეს გაგდებაა და არავითარი სამართლის აღსრულება არ იყო. უმრავლესობის მოვალეობაა, მის ადგილმონაცვლეს მისცეს ხმა. ეს თუ არ მოხდება, მანაც უნდა იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო არ ბრწყინავს, მაგრამ თეთრით შავზე კონსტიტუციის დარღვევაა. თუ ამასაც არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ნებისმიერი რამ, რასაც აკეთებს დღევანდელი მთავრობა, საბოლოო ჯამში მას კრიზისად უბრუნდება. ეს არის ის მოცემულობა, რაც შექმნა ივანიშვილმა ამ საუკუნის ტყუილის შემდეგ“ ,- განაცხადა გიგი უგულავა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.

დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.