გიგა ჭიკაძემ ომარ მორალესი დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
ქართველი მებრძოლები შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობენ. ქართველი გულშემატკივრებისთვის აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე 11 ოქტომბერს ისტორიული ქარდი გაიმართა. ღონისძიებაზე ორი ქართველი მებრძოლი გამოვიდა და თანაც ორივემ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
გიგა ჭიკაძემ აქამდე წაუგებელი ომარ მორალესი დამაჯერებლად დაამარცხა და UFC-ში მიჯრით მეოთხე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ვენესუელელ ათლეტს სამივე რაუნდის განმავლობაში შანსი არ დაუტოვა. ჭიკაძეს მესამე რაუნდში ბრძოლის ნაადრევად დასრულებაც შეეძლო, თუმცა მორალესმა სერიოზულ წნეხს გაუძლო და საბოლოოდ მსაჯებმა გიგას დამაჯერებელი, ერთსულოვანი გამარჯვება დააფიქსირეს. პირველი არხი ჭიკაძესთან ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.