გიგა ბოკერია - უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
გიგა ბოკერია - უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, გვითხრან, რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ბოკერიას თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი სწორედაც რომ მორგებულია საქართველოს კონსტიტუციას.

„გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, მაგრამ ჩვენთან არის ფიქსირებული რაოდენობა, თუ ამ დეტალს გულისხმობენ, ოღონდ ამასაც არ ამბობენ. ამიტომ, ვთხოვ ყველას, ჰკითხონ ბატონ ვოლსკის და მათ შორის იმ ბრძენ, დამოუკიდებელ და მძლავრ პოლიტიკოსებს, ივანიშვილს რომ აუჯანყდნენ, რას გულისხმობენ კერძოდ. არაფერი ანტიკონსტიტუციური არ არის, ზუსტად ჯდება ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ორ რამეს ამ საკითხში: 77 მაჟორიტარი უნდა იყოს არჩეული პროპორციულად და 73 მაჟორიტარულად. ეს არის ის რეგულაცია, რომლის ჩარჩოებშიც უნდა ვიყოთ.

ჩვენ ვადგენთ წესს, როგორ მოხდება მაჟორიტარულად და პროპორციულად ამ ხალხის არჩევა. შედეგი არის პროპორციული, ოღონდ მაჟორიტარებიც გვყავს და პროპორციულად არჩეული ხალხიც. ეს არის მარტივი და სწრაფი გამოსავალი. ყველას გვესმის, რომ ამ უტიფარი გადაგდების მიზეზი, თავისი დაპირების შემდეგ ივანიშვილმა რაც ჩაიდინა სპექტაკლის მეშვეობით, იყო ის, რომ არჩევნებს აგებენ. ახლა კონსტიტუციას მოიმიზეზებენ, თუ რამეს სხვას თუ იმას რომ ავად არიან და არ ჰყავთ დეპუტატები და 25 კაციც აღარ არსებობს, ვინც მხარს დაუჭერს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ გარდაუვალია მისი პოლიტიკური მმართველობის დასრულება ოღონდ, ახლა თვითონ აირჩიოს, რა ფორმით მოხდება ეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

რაც შეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, ამ მოდელის მიხედვით, შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილს ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი, მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.

ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.