გიგა ბოკერია - მივესალმებით ნებისმიერ ევროპულ, ავტორიტეტულ მისიას საქართველოში, თუმცა პარტნიორებისთვის ვითარება უკვე ნათელია
გიგა ბოკერია - მივესალმებით ნებისმიერ ევროპულ, ავტორიტეტულ მისიას საქართველოში, თუმცა პარტნიორებისთვის ვითარება უკვე ნათელია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკური დევნის შემსწავლელი იქნება, თუ მონიტორინგის განმახორციელებელი, ნებისმიერი ევროპული, ავტორიტეტული მისიის საქართველოში გამოგზავნას მიესალმება.

ბოკერიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მონიტორინგი აუცილებელია.

„მივესალმებით ნებისმიერ ევროპულ, ავტორიტეტულ მისიას, პოლიტიკური დევნის შემსწავლელსაც და მონიტორინგისასაც. ვიდრე ეს სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, მონიტორინგი აუცილებელია“ , – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თუმცა, ბოკერიას აზრით, უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წინადადება პიარსვლაა.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ვითარება ნათელია, შეფასებები უკვე გაკეთებულია. ახლა ივანიშვილის გუნდის ეს სვლა, არის პიარსვლა. ჩვენ გვახსოვს თავის დროზე, როგორ დაიკიდეს ფეხებზე ეუთო-ს მონიტორინგის შედეგები. თუ იქნება მისია, რა თქმა უნდა, იყოს, ოღონდ ესენი ვერ გამოძვრებიან. „ოცნებისთვის“, ივანიშვილის გუნდისთვის ვითარება არ შეიცვლება, თორემ ჩვენ მომხრე ვართ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

ამასთან, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.