გიგა ბოკერია მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით შალვა შავგულიძისა და არმაზ ახვლედიანის პოზიციას მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს
გიგა ბოკერია მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით შალვა შავგულიძისა და არმაზ ახვლედიანის პოზიციას მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით შალვა შავგულიძისა და არმაზ ახვლედიანის პოზიციას არ იზიარებს და მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს.

ამასთან, ბოკერია მიიჩნევს, რომ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა დავით ბაქრაძის შემთხვევაში.

„ვწუხვარ, მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ასეთ ეტაპზე ამ განცხადების გაკეთება. შალვა და არმაზი ჩვენი პარტიის წევრები არ იყვნენ, არ არიან, ჩვენს პარტიულ სიაში იყვნენ. მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, თან ახლა, ამ სიტუაციაში ამის დაფიქსირება. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. დავითმა ჯერ არჩევნებამდე ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თქვა და შემდეგ საჯაროდ, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას და შემდეგ პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ, ვერ ვხედავ საკუთარ თავსო. რბილად რომ ვთქვა, უხერხული და არაკორექტული ამბავია, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ შემდეგ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი ამ კონტექსტში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ მიშელის შეთანხმების ტექსტი სრულფასოვანი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, შესაძლებელია, საკმარისად ჩაითვალოს.

ასევე, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის დამოკიდებულებას მიშელის ახალ დოკუმენტთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მას არ მოსწონს რიგგარეშე არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა და 43 პროცენტი, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი.