გიგა ბოკერია - ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის დროს რაზე იყო ლაპარაკი, შეხვედრაზე უნდა დარჩენილიყო
ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო ბოლომდე, თუ უნდოდა, სრული სურათი ჰქონოდა, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რომელმაც კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა.
ამასთან, ჟურნალისტებმა ბოკერიას სთხოვეს, ესაუბრა ამ სრული სურათის შესახებ.
„მე გითხარით უკვე, რამდენის თქმაც საჭირო იყო. დებატები არ გვაქვს. მე ძალიან მინდა, მთხოვო ზოგიერთი სარედაქციო პოზიციის ჟურნალისტებს, სრული პატივისცემით თქვენი პოზიციის. პოლიტიკურ თოქშოუში არ ვართ, რომ გამაწყვეტინოთ. კითხვა ხომ დამისვით, შეიძლება რომ მომისმინოთ? მაშინ მომისმინეთ, სრული პატივისცემით გეუბნებით.
ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის დროს რაზე იყო ლაპარაკი, მაშინ უნდა დარჩენილიყო. მე რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე, უკვე გითხარით. ყველა თემაზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ იყო უმძიმესი შეხვედრა. ამაზე მეტის არაფრის თქმას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა.