გია ვოლსკი - საკმოდ სერიოზული ფილტრებია დაყენებული, რომ სასამართლო სისტემაში სწორი გადაწყვეტილებებით მიღებული კადრები იყოს შერჩეული
გია ვოლსკი - საკმოდ სერიოზული ფილტრებია დაყენებული, რომ სასამართლო სისტემაში სწორი გადაწყვეტილებებით მიღებული კადრები იყოს შერჩეული

მრავალსაფეხურიანი, საკმოდ სერიოზული ფილტრებია დაყენებული იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში და ზოგადად, სასამართლო სისტემაში შერჩეული იყოს სწორი გადაწყვეტილებებით მიღებული კადრები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ოპონენტების მხრიდან ძალიან უხეში შეფასებები კეთდება და საზოგადოებაში ძალიან დიდი დეზინფორმაცია მოდის, ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს. ვფიქრობ, დღევანდელი კომიტეტი ამას კარგ სამსახურს გაუწევს.

კომიტეტი რეგლამენტის მიხედვით დღეს იმართება. პარასკევს იქნება მეორე მოსმენა და ამ პერიოდში ვენეციის კომისიის დასკვნები იქნება. მრავალსაფეხურიანი, საკმოდ სერიოზული ფილტრებია დაყენებული იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში და ზოგადად, სასამართლო სისტემაში შერჩეული იყოს სწორი გადაწყვეტილებებით მიღებული კადრები. ეს მაღალი ევროპული სტანდარტია და დღეს ამ სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობა ისე, რომ კლანურ სისტემას რაღაცნაირად დაუკავშირონ და კლანურ სისტემაზე ისაუბრონ, არასწორი და პოლიტიკური სპეკულაციაა. ვფიქრობ, პროფესიონალური მიდგომა ამას რეალურად შეცვლის, თუ კი ვინმეს აინტერესებს, რომ ეს ანალიზი სიღრმისეულად გააკეთოს“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

„სამუშაო პროცესია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. რეკომენდაციებიც იმ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს, რაც სტანდარტია და იმ ფორმატიდან არ უნდა გამოდიოდეს, რომელსაც სამართლებრივი შეფასებები და სამართლებრივი რეგულაციები ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და ეს სამართლებრივი რეგულაციების თვალსაზრისით მოწოდებულ პროექტს აბსოლუტურად არანაირი ხინჯი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვენეციის კომისიაც აღიარებს“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო  ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.