გია ვოლსკი - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საკმაოდ მძიმე ფასს იხდის
გია ვოლსკი - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საკმაოდ მძიმე ფასს იხდის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საკმაოდ მძიმე ფასს იხდის.

გია ვოლსკი ხურვალეთში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას.

„საერთაშორისო არენაზე ინფორმაციის მიწოდების ხარისხი გამოხატულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და იმ პოლიტიკურ პოზიციაში, რაც მათ გააჩნიათ. რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გააჩნია. მეორე თემაც არის, რაც ოპოზიციას ავიწყდება. კერძოდ, რამ მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე. ოპოზიციიდან ვინც ამაზე საუბრობს, ოკუპირებულ ზონებში შექმნილ ვითარებასთან მიმართებით საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ფიქრობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურა დაამონტაჟეს. 

სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.