გია ვოლსკი - რომან გოცირიძის ინიციატივაში აქცენტი კეთდება არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, არამედ მისი გუნდის პოლიტიკურ ხედვებზე 
გია ვოლსკი - რომან გოცირიძის ინიციატივაში აქცენტი კეთდება არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, არამედ მისი გუნდის პოლიტიკურ ხედვებზე 

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, რომან გოცირიძის ინიციატივა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხედვებს ასახავს.

მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესზე რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივას უარყოფითად შევაფასებ, ვინაიდან მნიშვნელოვანი აქცენტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კეთდება არა იმ თემაზე რასაც ჰქვია ნამდვილად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიღება, არამედ პოლიტიკურ ხედვებზე, რომელიც მათ გააჩნიათ.

ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებმა საკმაოდ საინტერესო სიღრმისეული ანალიზი გააკეთეს.

ოპოზიციას ან ამ რეკომენდაციებისთვის არ მოუსმენია, ან როგორც ვთქვი, გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.

ამასთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე სპეციალურ წერილს ამზადებს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირში აცხადებენ, აღნიშნულ წერილს გაუგზავნიან ყველა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც საგანგაშო სიგნალს ქვეყნიდან.