გია ვოლსკი - პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია
გია ვოლსკი - პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა გულდასაწყვეტია.

მისი თქმით, კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება არ ნიშნავს, რომ დაავიწყდა, როგორ იდგნენ ერთად რთულ ვითარებაში.

„ძალიან გული მწყდება, პირველი შეგრძნება გულდაწყვეტაა. გარკვეულ საკითხებზე სრული უთანხმოება არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს, როგორ მოვდიოდით და როგორ ვიდექით ერთ პოზიციაზე რთულ ვითარებაში. შეიძლება, საკითხზე ემოციურად ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ანალიზი, რა მოჰყვება ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქციის სახით, ამ საკითხზე ჩვენი შეფასება სხვადასხვანაირია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხი პირველ ადგილზე არ დგას. პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა კი, რთულია.

„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს. არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ინანო და პირველ პლანზე ეს დააყენო. პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია, რაც საზოგადოებაზეც აისახება მაშინ, როდესაც სიმართლე გაცილებით არაპოპულარულია. პოზიცია ემოციურად ყველასთვის ერთია, მაგრამ ანალიზიდან გამომდინარე ეკა ბესელიას პოზიცია არასწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შედგეს.

„სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. თუ ამის გამო საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიკარგება, ტრაგედიას ვერ ვხედავ. ფასეულობები ერთი და იმავეა, არავითარი ცვლილება არ არის, საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულება ერთი და იმავეა.  სხვადასხვანაირია შედეგების შეფასება, რომელიც ამას შეიძლება, მოჰყვეს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ნიშანდობლივია „ნაციონალური მოძრაობის” ზეიმი, როცა შეტევა მიმდინარეობს სასამართლოზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა.

„ეს ყველაფერი იმ სასამართლოს წინააღმდეგ კეთდება, რომელიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყო. დღეს ვითარება შეიცვალა და „ნაციონალების“ კონტრშეტევა ხორციელდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ. დეპუტატების გადაწყვეტილება, უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდება.

კანონპროექტის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტის ინიციატორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს. თუ სამი კანონმდებელი უმრავლესობას დატოვებს, საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშლება.