გია ვოლსკი  - ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რეალურად კი ამ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა
გია ვოლსკი  - ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რეალურად კი ამ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს „სამართლიანმა არჩევნება“ ტექნიკური ხასიათის შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, სინამდვილეში, ამ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა.

„ოპოზიციას პოზიტიური განწყობა არ აქვს და პირიქით, ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი არაფერია და რაღაც ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი. რეალურად კი, იმ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა, რომელიც შეცდომად არ მიმაჩნია და ბევრი ადამიანი ეჭვობს, რომ ეს გარკვეული შეთანხმება იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.