გია ვოლსკი - ოპონენტების მხრიდან ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე სკეპტიკური შეფასებები დამატებით კითხვებს იწვევს 
გია ვოლსკი - ოპონენტების მხრიდან ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე სკეპტიკური შეფასებები დამატებით კითხვებს იწვევს 

ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით კითხვებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გიგი უგულავას განაჩენთან დაკავშირებით უმარავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციები გამოითქვა.

„სტრასბურგში მყოფმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა გამართეს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემდგარი მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს, შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმაზე, თუ რა მოხდა. ​ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით კითხვებს. ჩვენი ძალა და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, გახდა ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს, როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში. ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს. როგორც სამადაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ასეთი მისია არ შეიქმნება.