გია ვოლსკი - ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის, ჩვენთვის მიუღებელია
გია ვოლსკი - ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის, ჩვენთვის მიუღებელია

ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს და გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩვენთვის არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ მის მიმართ ადამიანური მიუღებლობა მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო მეორე მხრივ, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია.

„სწორედ ეს ამახინჯებს გულწრფელ პროტესტს, რაც საქართველოს წინააღმდეგ პოზიციების მქონე ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ არსებობს. გინდ პოზნერი იყოს, გინდ მიხალკოვი და ასტაფიევი, იქნება ის რუსეთის თუ აშშ-ის მოქალაქე, ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია და მის მიმართ უკიდურესად ცუდად ვარ განწყობილი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ გვყავს თანამოქალაქეები, ვინც საქართველოში ოკუპაცია დაუშვა და დღესაც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა.