გია ვოლსკი - „ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს, სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც მიხეილ სააკაშვილს
გია ვოლსკი - „ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს, სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც მიხეილ სააკაშვილს

გიგა ბოკერიას და მის გუნდს სურთ, სისხლიან წარსულს გაემიჯნონ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, „ევროპული საქართველო“ საკუთარ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს იმის მიუხედავად, რომ ახალი პარტია შექმნეს.

„გიგა ბოკერიას და მის გუნდს სურთ, სისხლიან წარსულს გაემიჯნონ. ამისთვის ფორმალური წინაპირობა შექმნეს და ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს. ის, რაც სისხლიან წარსულს შეეხება, ისევე ეხება ბოკერიას, როგორც სააკაშვილს. რასაკვირველია, ბოკერია იტყვის, რომ სერგო თეთრაძე არ უწამებიათ. წინ ნაწამები ადამიანის სურათები დაუდეს და ამაზე ამბობს, რომ ეს არ არსებობდა. როცა ბოკერია სახელისუფლო იერარქიაში საკვანძო პოზიციას იკავებდა, არც გირგვლიანის თემა არსებობდა და არც გარეჯის.

იმ წარსულს, რაც აქვს, „ევროპული საქართველო“ ვერ ჩამოირეცხავს, იმის მიუხედავად, რომ სხვა პოლიტიკური პარტია შექმნეს და ფორმალურად დაპირისპირებული არიან იმ ადამიანებთან, ვინც უკვე ღიად აფიქსირებს პირდაპირ კავშირს იმ სისხლთან, რაც გამოიარა საქართველომ და პირდაპირ აფიქსირებს, რომ საქართველოში სწორედ ასეთი სადისტური სისტემა უნდა არსებობდეს, რათა წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად, ფოტოგრაფების საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა.

„რაც შეეხება ფოტოგრაფების საქმეს, ეს ადამიანები საპატიმროდან ნაწამები და დამცირებულები გამოვიდნენ. ის სადისტური მმართველობა რომ გაგრძელებულიყო, რაც იმ პერიოდში იყო, მათი ბედი წარმომიდგენია. ეტყობა, უგულავამ ბოკერიას საკუთარი განცხადება არ შეუთანხმა, როცა თქვა, რომ ეს ერთი კაცის ახირება იყო. ბოკერიამ თქვა, რომ არათუ ახირება იყო, არამედ ეს თემა პოლიტიკაში მოსატანი საერთოდ არ არის. ეს არის სკანდალი, არა მხოლოდ მომხდარი ფაქტი, არამედ განცხადებები, რომელსაც ეს პოლიტიკური სუბიექტები აკეთებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.