გია ვოლსკი - ზუსტად დავახასიათე ბოკერიას გამოსვლა და საქციელი, რომელიც არათუ ეთიკურ, არამედ ყოველგვარ ფარგლებს სცდება
გია ვოლსკი - ზუსტად დავახასიათე ბოკერიას გამოსვლა და საქციელი, რომელიც არათუ ეთიკურ, არამედ ყოველგვარ ფარგლებს სცდება

არჩევნები იმის სერიოზული ინდიკატორი იყო, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მასსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, იყო საკმაოდ უკმეხი და საპასუხო გამოსვლა, რომელიც გიგა ბოკერიას და მის კამპანიას არ მოეწონათ, რაც გია ვოლსკის თქმით, პარლამენტში პირველად არ ხდება.

„ჩემი გამოსვლა სწორედ ამას მიეძღვნა. საზოგადოება ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური განსხვავების მიხედვით გაცილებით უფრო ლოიალურია, ვიდრე პოლიტიკოსები. საკმაოდ საინტერესო და ობიექტური შეჯამება იყო, მაგრამ ამავე დროს განპირობებული იყო აუცილებლობით, რომ პასუხი გასცემოდა იმ უკმეხ გამოსვლას, რომელიც ჩვენს ოპონენტს ჰქონდა. პარლამენტია და ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ვფიქრობ, ბოკერიას იმ წუთში გამოსვლა და საქციელი ზუსტად დავახასიათე, რომელიც არა თუ ეთიკურ, არამედ ყოველგვარ ფარგლებს სცდება. სამწუხაროა, რომ ასე თქმა მომიწია, თუმცა ფაქტია, რომ დიდი სიბრაზე ან ნერვების აშლა ამასთან დაკავშირებით არ მქონია. ვფიქრობ, არჩევნები სერიოზული ინდიკატორი იყო იმის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია პარლამენტში დღევანდელი დაპირისპირების საკითხის ეთიკის საბჭოზე განხილვა, გია ვოლსკიმ განაცხადა:

„ეთიკის საბჭოში არანაირი მიმართვა არ გამაჩნია. ეთიკის საბჭო თუ გადაწყვეტს, რომ ამის იქით რამე ოფიციალური გამოსვლები კიდევ არსებობს, რაც არ უნდა ხდებოდეს პარლამენტში, ამ თემაზე იმსჯელებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის პლენალურ სესიაზე დღეს ვიცე-სპიკერ გია ვოლკისა და დეპუტატა გიგა ბოკერიას შორის დაპირიპირება მოხდა. დაპირისპირება ბოკერიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა, რომ გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, კარლო კოპალიანი გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის შემდეგ, გუგული მაღრაძე კი, პარტკომი იყო. ბოკერიას ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელზეც ბოკერია საუბრობდა,  ყავარჯნებით  არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ამასთან, დაპირიპირებასა და ბოკერიას განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. „გთავაზობთ, არაკონსტიტუციურად გამოვაცხადოთ „კომპარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად. მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ სხდომაზე.