გია აბაშიძე - გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის თანხმობას მიაღწიონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მომავალ პარლამენტში იქნებიან
გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის დამტკიცებისას თანხმობას მიაღწიონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და ბუნებრივია, მომავალ პარლამენტშიც წარმოდგებიან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შეიძლება, ვცდები ჩემი ხედვით, მაგრამ ამ ეტაპზე, ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, – განაცხადა აბაშიძემ.
ამ განცხადებით აგია აბაშიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ მომავალ პარლამენტში სხვადასხვა ხედვების მქონე ჯგუფები შეჯერდნენ და კონსენსუსამდე მივიდნენ თუნდაც, საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, 90-იანი წლების გათვალისწინებით, მას აქვს შიში, ხომ არ იქნება მომავალი პარლამენტი მორიგი სუპერ ბალაგანი.
„ეს არ არის გამორიცხული. ჩვენს პოლიტიკურ მოთამაშეებს რომ ვუყურებთ, შეიძლება, ასეც იყოს. რისკები ძალიან ბევრია და ხინჯად მომყვება ის, რომ შესაძლოა, პარლამენტმა კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოაყალიბოს და რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ვადამდელ არჩევნებზე გადავიდეთ. ესეც არ არის გამორიცხული“, – განაცხადა გია აბაშიძემ.