ირაკლი ქადაგიშვილი - როგორი იქნება საქართველოს მომავალი მთავრობა, ეს დამოკიდებულია არა პრეზიდენტზე და სხვა თანამდებობის პირზე, არამედ მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის არჩევანზე
ირაკლი ქადაგიშვილი - როგორი იქნება საქართველოს მომავალი მთავრობა, ეს დამოკიდებულია არა პრეზიდენტზე და სხვა თანამდებობის პირზე, არამედ მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის არჩევანზე

როგორი იქნება საქართველოს მომავალი მთავრობა, ეს დამოკიდებული არ არის არც პრეზიდენტზე და არც სხვა თანამდებობის პირზე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის არჩევანზე, აქედან გამომდინარე, წინასწარი სურვილების რეალობად წარმოჩენა მადლიერი საქმე არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე საუბრობს.

„არჩევნებს და ქართველი ხალხის არჩევანს დაველოდოთ. როგორიც იქნება მათი არჩევანი, სწორედ ისეთი კონფიგურაციით იქნება მომავალი მთავრობა. რაღაცნაირად ახალი მანტრა შემოაქვთ, რომ თითქოს კოალიციური მთავრობა არის რაღაც პანაცეა ქვეყნის კარგად განვითარებისა და ცხოვრებისთვის. ეს არ არის პანაცეა. ევროპაში ვუყურებთ, რომ ბევრ შემთხვევაში კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება ვერ ხდება და პოლიტიკური კრიზისები თვეების განმავლობაში იწელება. არის ხოლმე სიტუაცია, როცა წელიწადში ერთხელ არჩევნების ჩატარება უწევთ. ის, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის კოალიციური მთავრობის იდეის კულტივაციას იწყებენ, ეს არის ოპოზიციის მხრიდან პოლიტტექნოლოგია და მეტი არაფერი. რეალობა ის იქნება, რა არჩევანსაც ქართველი ხალხი გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.