ირაკლი ქადაგიშვილი - კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, რადგან, ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ
ირაკლი ქადაგიშვილი - კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, რადგან, ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, რადგან, ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

„ეს არის ჩვეულებრივად ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლი. მოგეხსენებათ, ოპოზიციას, ძალიან მძიმე კრიზისიდან გამომდინარე, პრობლემები უდგას საარჩევნო კუთხით. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პარტიას, დედა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხუთპროცენტიანი ბარიერის მყარად გადალახვის საშუალება. ამიტომ რამენაირად საზოგადოებაში რომ გაზარდონ მოლოდინი, ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, შემოაქვთ ეს სპეკულანტური თემა, რომ კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მხსნელი. ოღონდ, იმას არ ამბობენ, რისგან და რატომ არის საქართველოს მხსნელი კოალიციური მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ნებისმიერი კოალიცია, რადგან, დღევანდელი ყველა მინაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ. რაც შეეხება დარჩენილ ოპოზიციასთან კოალიციურ მთავრობას, ეს მარტივად ნიშნავს ერთადერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალი კოალიციური მმართველობა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ შენიღბული ფორმით უკან მოტრიალება. ეს არის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილის ნათელი გაშიფრვა და სურათი“, – განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს შანსი, კოალიცია შექმნას, რადგან კოალიციის გაფორმებასაც სათანადო ხმები სჭირდება.

მისივე თქმით, ამავდროულად, თეორიულად გამორიცხულია ოპოზიციის კოალიცია „ნაციონალური მორაობის“ ბაზის გარეშე.

„ზოგადად ვიტყვი, კოალიცია, როგორც ასეთი, არანაირი პანაცია არ არის. ჩვენ თუ გადავხედავთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას, არიან ქვეყნები, სადაც კოალიცია მუშაობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისების წყაროა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა: „კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.