20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ პირს ღუდუშაურის კლინიკაში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ პირს ღუდუშაურის კლინიკაში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ღუდუშაურის კლინიკაში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დაცვის მხარე ალტერნატივის სახით 2000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოდიოდა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ღუდუშაურის კლინიკაში მოხდა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესში ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც, რამდენიმე წუთის განმავლობაში შესვენება იყო გამოცხადებული.

„წარვადგინე ყველა მტკიცებულება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც მისი ოჯახური მდგომარეობა. ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მეუღლე ჰყავს მძიმედ ავადმყოფი, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს ჩატარებული და სექტემბრისთვის დაგეგმილია კიდევ ერთი სერიოზული ოპერაცია.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის მდგომარეობაც, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.  მოვითხოვე, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული. ალტერნატივის სახით ასევე მოვითხოვე გირაოც, თუმცა არც ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ. ვაპირებ სააპელაციო წესით გასაჩივრებას“, – აღნიშნა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა.

აღნიშნულის პასუხად, საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა აღნიშნა, რომ ექიმების დასკვნით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია.

„ადგილი ჰქონდა დაცვის მხარის მხრიდან მცდელობას დაემძიმებინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების რეკომენდაციით და დასკვნით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია. რაიმე განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს ბრალის წარდგენისას არ დამართნია. ჩვეულებრივად გრძნობდა თავს. უბრალოდ ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებული შეუძლოდ გრძნობდა თავს. თვითონაც პერიოდულად აცხადებდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა სხდომაზე აღნიშნული არ განუცხადებია, გონება არ დაუკარგავს, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სხდომა.

რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი. მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები შესაბამისად, გაზიარებულ იქნა ჩვენი შუამდგომლობა”, – განაცხადა პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა.