ღუდუშაურის კლინიკაში 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი მიმდინარეობს
ღუდუშაურის კლინიკაში 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი მიმდინარეობს

ღუდუშაურის კლინიკაში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„როგორც ამ ბრალდებულის, ისე სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, არსებობს არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სხვა შემთხვევებში გაითვალისწინა სასამართლომ, ანუ არსებობდა ფაქტობრივი საფუძვლები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, მთავარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა პოლიციის მუშაკისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა დღეს სასამართლოს წინაშე არის მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ახდენს გავლენას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რაიმე გართულებებს ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, ვითხოვთ პატიმრობას”, – განაცხადა მუკბანიანმა.

თავის მხრივ, ლევან ჯიქურის ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა.

„როცა დააკავეს, მას აქციაზე მიყენებული დაზიანებები არ ჰქონდა. გამოიწვია ნერვიულობამ და ამის გამო მოხვდა აღნიშნულ კლინიკაში. დაცვის მხარე ვფიქრობთ, რომ საქმეში ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება იმისათვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა. შესაბამისად, მოვითხოვ გაუქმებული იქნეს აღნიშნული დაკავება და შესაბამისად, მოვითხოვთ გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით, მოვითხოვ გირაოს 2000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ურტყამს პოლიციელს ფარს, ზუბიაშვილი ამბობს, რომ კადრებში ეს ფაქტი გამოკვეთილად არ ჩანს.

„კადრებში არ არის კარგად გამოკვეთილი ფარის ჩარტყმასთან დაკავშირებით ფაქტი. არ არის, არ ჩანს კარგად, თუ როდის დაიწყო და ბოლოს როგორ დამთავრდა, რადგან ხალხმრავლობა იყო და ასე გამოკვეთილად არ არის დადგენილი. ვფიქრობ, ეს მტკიცებულებად ვერ გამოდგება“, – განაცხადა ზუბიაშვილმა.