ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ ბრიტანელი პაციენტი შიდსისგან განიკურნა
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, ბრიტანელი პაციენტი შიდსისგან განიკურნა. ექიმების განცხადებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პაციენტზე ვირუსი აღარ შეინიშნება.
კვლევაში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის, ასევე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ექიმები იყვნენ ჩართული. ლონდონელი პაციენტი, რომელიც სიმსივნეზე მკურნალობდა, 18 თვის განმავლობაში შიდსის რემისიის სტადიაშია და წამლებს აღარ იღებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ პაციენტის შიდსისგან სრულად განკურნებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მიდგომამ შესაძლოა, პრეპარატის შექმნას ხელი შეუწყოს.
ლონდონელმა პაციენტმა ქიმიოთერაპია ჩაიტარა, პარალელურად, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აივ ინფექციის რეზისტენტული დონორისგან მოხდა, შედეგად კი, ორივე დაავადება რემისიის სტადიაში გადავიდა.
C-C მე-5 ტიპის ქიმიკინის რეცეპტორი შიდსის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ცილაა. აივ ინფექციის მიმართ რეზისტენტულ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს C-C მე-5 ტიპის ქიმიკინის ორი მუტირებული რეცეპტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს არ შეუძლია ორგანიზმის უჯრედებში შეღწევა, რომელსაც ჩვეულებრივ აინფიცირებს.
ლონდონელმა პაციენტმა ღეროვანი უჯრედები სწორედ გენეტიკური მუტაციის მქონე დონორისგან მიიღო, რის შემდეგაც აივ ინფექციის მიმართ თავადაც რეზისტენტული გახდა. მიუხედავად ამისა, შიდსის ინფექციის მატარებელი უჯრედები სხეულში შესაძლოა, მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს. ბრიტანელი მკვლევარების განცხადებით, შიდსით დაავადებული ადამიანების C-C მე-5 ტიპის ქიმიკინის რეცეპტორის მიმართ შესაძლებელია გენეტიკური თერაპიის გამოყენება