პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა. გარდაცვლილია ორი პალესტინელი.
არსებული მონაცემებით, „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. მათი უმრავლესობა ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო, თუმცა რაკეტების ნაწილი საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა.
სარაკეტო დარტყმები ისრაელის სამხრეთ ნაწილზე განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი ავტობუსს მოხდა, რის შედეგადაც სერიოზულად დაშავდა 19 წლის ახალგაზრდა. ისრაელის არმიის მონაცემებით, სარაკეტო დარტყმების შედეგად, დანგრეულია რამდენიმე სახლი.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ ისრაელზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების პირობა მას შემდეგ დადო, რაც ისრაელის სპეცრაზმმა 12 ნოემბრის ღამეს ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც შვიდი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური.