გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწის არჩევნებში, ამ დროის მონაცემებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 38.3 პროცენტს აგროვებს, ხოლო კანცლერ მერცის პარტია ბარიერის გადალახვის ზღვარზეა 4.9 პროცენტით
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 38.3 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია 35.4 პროცენტით. მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „მემარცხენე პარტიამ“ ხმათა 6.5 პროცენტი მიიღო, მწვანეებმა კი 5.6 პროცენტი. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 4.9-პროცენტიანი შედეგით მეხუთე ადგილზეა.
შესაბამისად, თუ საბოლოო შედეგები არ შეიცვლება პარტია 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას და რეგიონულ პარლამენტში მოხვედრას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება ბერლინს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პირველადი ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 25.5 პროცენტით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 13.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 18.9 პროცენტით, მესამეზე კი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის 16.1 პროცენტით – პარტიის შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით შვიდი პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ბერლინში რეგიონულ არჩევნებში „მწვანეებმა“ ხმათა 14.3 პროცენტი მიიღეს, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი – 12.1 პროცენტი.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს გერმანიაში, ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში რეგიონული არჩევნები გაიმართა. ორივე მიწაზე საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურა. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ეს მიწის პარლამენტის რიგით მეცხრე არჩევნებია. ბერლინში კი არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.