გერმანიის ელჩი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ნუ ეძებენ საბაბს
გერმანიის ელჩი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ნუ ეძებენ საბაბს

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ნუ ეძებენ საბაბს, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„რვა მარტის შეთანხმება აშკარად მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც კენჭს უყრიან ორშაბათს. ვიმედოვნებ და ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ამ შეთანხმების ნაწილი იყვნენ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცედურაში, ხმა მისცენ და დაამტკიცონ საკონსტიტუციო ცვლილებები. კარგი საარჩევნო კანონმდებლობა არის ხალხის უფლება და ქართველ ხალხს არ უნდა უთხრან უარი იმაზე, რომ ჰქონდეთ საუკეთესო საარჩევნო სისტემა. ამაზე შეუძლიათ ფიქრი პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში.

„შეთანხმება არ შეიცავს გიორგი რურუას სახელს. ამ ამბის სხვა ასპექტები საჯარო გახდა ბოლო დღეებში. ბატონმა რურუამ თავად გააკეთა განცხადება. ასე რომ, ეს მკაფიოა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხმა მისცენ ამას და ნუ ეძებენ საბაბს. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მიღწევა ჩაიწერება მათ წიგნში, ვინც მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.