გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის დაკავების სანქცია ქვეყნის ფედერალურმა სასამართლო პალატამ გასცა.
გერმანული მედია დაკავებულს კარსტენ ლ-დ მოიხსენიებს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა რუსეთის სპეცსამსახურებს წელს გადასცა ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა. მის სახლში და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა უკვე ჩაატარეს.
როგორც გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი პირის სახლი და სამუშაო ადგილი, აგრეთვე დაზვერვის სამსახურის ორი ოფისი. მათ შორის ბერლინშიც.
როგორც ცნობილი გახდა, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა თავად გამოავლინა ჯაშუშობის შემთხვევა და ჩაატარა მასშტაბური შიდა გამოძიება. სხვა დეტალებზე დაზვერვის სამსახურში არ უსაუბრიათ.
„რუსეთის შემთხვევაში, საქმე გვაქვს აქტორთან, რომელიც გამოირჩევა უპრინციპობითა და ძალადობისთვის მზადყოფნით. ყველა გასაჯაროებული დეტალი მეტოქეს მისცემს უპირატესობას გერმანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვაში“, – განაცხადეს უწყებაში.