გენდერული თანასწორობის საბჭო - დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღია
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს სასტიკად გმობს და მსგავს მეთოდებს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად აფასებს.
გენდერული თანასწორობის საბჭო საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საბჭო მსგავსი ქმედების წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ კამპანიას მხარს უჭერს.
„სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების უხეში ხელყოფის ხარჯზე ადამიანების დევნა, შანტაჟი და იძულება წარსულშიც მომხდარა. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდებით განსაკუთრებით აქტიურ, წარმატებულ ქალებს ებრძვიან და მათ საჯარო სივრციდან განდევნას ცდილობენ. ეს ხაზს დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს უსვამს, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლთ, არამედ ჩვენს საზოგადოებას აზარალებს. დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის – ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თანასწორი, სრულფასოვანი პირობების შექმნისთვის და სწრაფი განვითარებისათვის ვიბრძვით, დაუშვებელია, მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა და საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, გენდერული თანასწორობის საბჭო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათზე შესაბამისი ყურადღება გაამახვილონ და ყველა დამნაშავე პირი უმოკლეს ვადებში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ.