თბილისში ქალთა გაძლიერების ფორუმი გაიმართება
თბილისში ქალთა გაძლიერების ფორუმი გაიმართება

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „იუესეიდ პროლოგის“ (USAID-PROLoG) ორგანიზებით გაიმართება ქალთა გაძლიერების ფორუმი.

ღონისძიებას გახსნიან და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალთა გაძლიერების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

ფორუმი 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება.