გასოლი სამშაბათს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს #1TVSPORT
გასოლი სამშაბათს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს #1TVSPORT

ლეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა პაუ გასოლმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – იტყობინება Eurohoops. გასოლი თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს, რომელიც სამშაბათს, 5 ოქტომბერს გაიმართება.

41 წლის ესპანელი პროფესიულ დონეზე 1998 წლიდან თამაშობდა. 2001 წელს, ეროვნული საკალათბურთი ასოციაციის დრაფტზე ის „ატლანტამ“ აირჩია და შემდეგ „მემფისში“ გაცვალა, რომელშიც შვიდი წელი ითამაშა. ამის შემდეგ, გასოლი „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა და ამ გუნდში ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი – 2009 და 2010 წლებში.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ექვსგზის მონაწილემ ასოციაციაში 1226 მატჩი ჩაატარა (1150 სასტარტოში) და საშუალოდ 17.0 ქულა, 9.3 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ესპანეთის ნაკრებში ფორვარდმა ორი ვერცხლი (2008, 2012) და ბრინჯაო (2016) მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე, ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006), აგრეთვე, სამი ოქრო (2009, 2011, 2015), ორი ვერცხლი (2003, 2007) და ორი ბრინჯაო (2001, 2017) ევროპის ჩემპიონატებზე.