გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირებისათვის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც გამოიწვია ღვარცოფული პროცესების განვითარება.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.