სოფელი ჭუბერი გარესამყაროსაა მოწყვეტილი [ფოტო, ვიდეო]

სოფელი ჭუბერი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

მისივე თქმით, სოფელ ჭუბერამდე მისასვლელი გზა არ არსებობს, რადგან მდინარე ნენსკრას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.

ადგილობრივების განცხადებით, შუადღისას ხმაური გაიგეს და ცოტახანში დაინახეს, როგორ მიჰქონდა წყალს მათი საცხოვრებელი სახლებისკენ მოგლეჯილი ხეები.

როგორც სოფელ ჭუბერიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა პირველ არხს განუცხადა, სოფელში რამდენიმე სახლი მდინარის ორ განშტოებას შორისაა მოქცეული. ამასთან, დროულად დატოვეს საცხოვრებელი სახლები.

პირველი არხის ჟურნალისტის თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზის არ არსებობის გამო, უცნობია, რა ხდება სოფელ ჭუბერის ცენტრში.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო.

 

 

დატოვე კომენტარი