„გარეჯის“ რეკორდული მოგება - „რუსთავი“ პლეი აუტში ითამაშებს #1TVSPORT
„გარეჯის“ რეკორდული მოგება - „რუსთავი“ პლეი აუტში ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ში ტურის შეხვედრები გაიმართა და ბევრი რამ გაირკვა. ბოლნისის „სიონი” ტურნირის გამარჯვებული გახდა, რადგან უშიალო კონკურენტი „გაგრა“ დაამარცხა. გაირკვა პლეი აუტის ერთი მონაწილე, ხოლო მეორე გუნდი, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს, ბოლო ტურში გაირკვევა.


შევარდენი 1906 – მერანი თბ 5:2


თბილისური გუნდების მატჩი კასპის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ნომინალურმა მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს. გიორგი გოგოლაშვილმა (34,44) და თენგიზ ბრეგვაძემ (54, 55) დუბლი შეასრულეს, ერთიც რამინ დოობის (10) ანგარიშზეა, ხოლო „მერანიდან“ თავი ცოტნე ბრეგვაძემ (18) და ბაი დემი დიოპიმ (75) გამოიჩინეს. ამ მოგებით „შევარდენი 1906“-მა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო თბილისის „მერანი“ პლეი აუტში მონაწილეობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.


დინამო ზგ – რუსთავი 4 : 2


განმუხურში ზუგდიდის „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა – პირველ ტაიმში მეტოქეებმა 6 გოლი გაიტანეს. მე-7 წუთში სტუმრები საბა ზაზიკაშვილმა დააწინაურა. თუმცა, კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა მალე ალექსანდრე სულაძის (21), როინ ჩხაიძის (23), ვალერი ოლხოვისა (31) და ლუკა სოსიაშვილის გოლებით (39) დიდი უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში 43-ე წუთზე რუსთაველთა ნახევარმცველმა პაატა კიტეიშვილმა დააფიქსირა. ზუგდიდელებმა 46 ქულა დააგროვეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო „რუსთავი” ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ითამაშებს.


მერანი მრ – ვიტ ჯორჯია 0 : 2


„მურთაზ ხურცილავა -არენაზე“ მარტვილის „მერანმა“ „ვიტ ჯორჯია“ მიიღო. მასპინძელი, რომელიც მესამე პოზიციაზეა და პლეი ოფი განაღდებული ჰქონდა, უფრო დიდი მოტივაციით მოთამაშე აუტსაიდერმა დაჩაგრა. „ვიტ ჯორჯიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება თორნიკე მუზაშვილის (26) და გიორგი გოგილაშვილის (90+5) გოლებით მოიპოვა. 76-ე წუთზე მარტვილელების კაპიტანი კიჭი მელიავა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს.


გარეჯი – ჩიხურა 8 : 0


ერთადერთი გუნდი, რომლის ბედიც რამდენიმე ტურით ადრე გადაწყდა, საჩხერის „ჩიხურაა“, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ს დაემშვიდობა. საგარეჯოში გამართულ შეხვედრაში „გარეჯი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და სეზონის ყველა დიდი სხვაობით მოგება გაიფორმა. კიდევ უფრო გასაოცარი აღმოჩნდა მასპინძელთა თავდამსხმელის, გიორგი ხარებაშვილის ექვსი გოლი (19, 45, 73, 81 -პენალტით, 84, 90), ხოლო გიორგი ტყეშელაშვილმა (25, 70) დუბლი შეასრულა.


სიონი – გაგრა 2 : 1