„გარდიანის“ ცნობით, ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა
ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანის“ მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს.
გამოცემის ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემებით, 2013-2014 წლების პერიოდთან შედარებით, 2017-2018 წლებში ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 144%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს პოლიციის მიერ დაფიქსირებულია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 11 600 შემთხვევა, 2013 წელს კი – 4 600. ამასთან, 2018 წელს აღნიშნული დანაშაულის თითქმის ნახევარი, 46% წარმოადგენდა ძალადობრივ ქმედებებს – ფიზიკური შეურაცხყოფიდან სხეულის მძიმე დაზიანებამდე. აღნიშნული კვლევა „გარდიანმა“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ლონდონში ავტობუსში ორ ლესბოსელ ქალს სცემეს.