განათლების სისტემის სახელმწიფო დაფინანსების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში 15 აპრილს მოხდება
განათლების სისტემის სახელმწიფო დაფინანსების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებები მომზადდა.
ცვლილებების ინიცირება 15 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულოა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და იმგვარად დამტკიცდეს, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტზე ნაკლები.
„განათლების რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით განხორციელება განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას საჭიროებს. არსებული ხედვის თანახმად, მთავრობა გეგმავს, ეტაპობრივად ამ მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას და კერძო სექტორთან ერთად განათლების დაფინანსებას მშპ-თან მიმართებაში ორნიშნა მაჩვენებლის ფარგლებში. დაგეგმილი რეფორმების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეთავაზებული იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების ყველა საფეხურისთვის. გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია და შესაბამისი ლაბორატორიებით უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების ვადად 2022 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული.