გამარჯვება ახალწვეულის გოლით - „ლოკომოტივს“ გაბაძე უკაპიტნებს #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ სეზონისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე აგრძელებს, სადაც მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.
წინასასეზონო შეკრებაზე „ლოკომოტივის“ მეტოქე მორიგ ამხანაგურ მატჩში ბოლნისის „სიონი“ იყო. საგურამოს „ლოკო-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა. თბილისელებიდან გაბრიელ ხუციშვილმა და გიორგი ომარაშვილმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდში დაბრუნდნენ გიორგი გაბაძე, თორნიკე ძებნიაური და დავით სამურკასოვი. გუნდიდან ლიდერთა ჯგუფის და კაპიტნის, დავით უბილავას წასვლის შემდეგ „ლოკომოტივის“ კაპიტნის სამკლაური გიორგი გაბაძემ მოირგო, რომელიც გუნდის საფეხბურთო აკადემიაში 13 წლის მივიდა და მას შემდგ 13 წელია მხოლოდ „ლოკომოტიოვის“ ფორმით თამაშობს.
„ლოკომოტივში“ გადავიდა თავდამსხმელი გიორგი ომარაშვილი, რომელიც „ლოკომოტივის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც 2018 წელს „დინამო თბილისში“ გადავიდა. 2021 წლის ზაფხულიდან სტაჟირებაზე უნგრულ „დიოშგიორში“ იყო და „დინამო თბილისში“ დაბრუნდა, რომლის მაისურითაც ეროვნულ ლიგაში 1 თამაში ჩაატარა. ომარაშვილს უთამაშია საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში.