ზაფხულის სუპერტურნირის ნაცუ ბაშოს დასკვნითი მე-15 დღე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა, გაგამარუსთვის წარმატებული გამოდგა. ჯურიო დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი დაიმამს დაუპირისპირდა და მეტოქე დოჰიოდან ოშიდაშის ილეთით გაიყვანა. გაგამარუს ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ექვსი მარცხი დაფიქსირდა.
ლევან გორგაძის მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იყო. ურთიერთშეხვედრებში მცირედი უპირატესობა ტაკაიასუს ჰქონდა – ამ შეხვედრამდე ლევანს იგი რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული, ტაკაიასუმ კი ათჯერ იმარჯვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგაძეს მუხლის ტრავმამ შეახსენა თავი, რაც დასკვნით ბრძოლასაც დაეტყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ჩავლების აღება მოახერხა, მეტოქეს ვერ გამოუკლავდა და ბაშო 10 გამარჯვებითა და ხუთი მარცხით დაასრულა.