გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველო-ბრიტანეთის მეგობრობას შოთა რუსთაველის აფორიზმით ახასიათებს
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი მიიჩნევს, რომ ქართველ და ბრიტანელ ხალხს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა, რომელიც მჭიდრო მეგობრობას ემყარება.
„ეს კავშირი ემყარება ძალიან ძლიერ მეგობრობას, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, არამედ ამ ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებობს. მე სულ უფრო მეტს ვფიქრობ შოთა რუსთაველის სიტყვებზე, რომელიც მეგობრობას ეხება და ეს სიტყვები ბრიტანეთი-საქართველოს მეგობრობას შესანიშნავად აღწერს: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად“, – უთხრა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
როგორც ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა, იგი მოხარულია იმ ფაქტით, რომ ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობების ფარგლებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელთანაც გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტი 2019 წლის 21 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლონდონში გაფორმდა და ძალაში რატიფიკაციის შემდეგ შევა. შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ამავდროულად, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ სამ მიმართულებას, რაზეც ოფიციალური ლონდონი ბრექსიტის შემდგომ განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.
„გაერთიანებული სამეფოსთვის ეს ახალი მნიშვნელოვანი პერიოდია. გაერთიანებული სამეფო საგარეო პოლიტიკაში დღეს სამ საკითხზე კონცენტრირდება: პირველი, ურთიერთობების გამყარება ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ცხადია, ეს ურთიერთობა ემყარება მეგობრობას, რომელიც ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის დიდი ხანია არსებობს. მეორე, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის აქტიური მხარდაჭერა. ჩვენ გავაფორმებთ ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს ჩვენ პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და მესამე, ბრიტანეთი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება სიკეთის მომტანი საქმეების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სისტემაში ფართო სპექტრის მიმართულებით დღეს ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს დატოვა.