გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე აშშ-მა, ბრიტანეთმა და ესტონეთმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერთავდასხმებზე ისაუბრეს
გაერო-ს უშიშროების საბჭოზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმების შესახებ ისაუბრეს. როგორც ამერიკული მედია წერს, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დროს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიბერთავდასხმის საკითხი პირველად განიხილეს.
როგორც გაერო-ში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სვენ იურგენსონმა განაცხადა, ნათელია, ვინ განახორციელა ჰაკერული თავდასხმები.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა განახორციელა ჰაკერული თავდასხმები, რათა ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების დაზიანება გამოეწვია. ეს ჰაკერული თავდასხმები რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა გაერო-ში ესტონეთის წარმომადგენელმა.
ამასთან, ესტონეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის განცხადებას, რომ ის კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი აქტორია.
როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიბერთავდასხმების საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს.