გაერო-ს სპიკერი - ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კატასტროფული შიმშილის წინაშე დგას
გაერო-ს სპიკერი - ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კატასტროფული შიმშილის წინაშე დგას

ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კატასტროფული შიმშილის წინაშე დგას, – ამის შესახებ გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

დუჟარიკმა აღნიშნა, რომ ტელეკომუნიკაციის შეფერხების გამო, ღაზაში მყოფი ბევრი ადამიანი ვერ იღებს ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ. მისივე თქმით, ღაზის სექტორში უკვე რვა დღეა, შეფერხებულია ტელეკომუნიკაცია.

„დღეს გამოქვეყნებული სურსათის უსაფრთხოების ანალიზის მიხედვით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ღაზაში კატასტროფული შიმშილის წინაშე დგას. მსოფლიო სასურსათო პროგრამა აფრთხილებს, რომ მწვავე სასურსათო დაუცველობის ეს დონე უპრეცედენტოა უახლეს ისტორიაში და რომ ღაზაში ხალხს შიმშილობა ემუქრება“, – განაცხადა დუჟარიკმა.

გაერო-ს სპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველანი მოვუწოდებთ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, ყველა სასაზღვრო გადასასვლელის გახსნისკენ და კომერციული ტვირთის განახლებისკენ, რათა ბოლო მოეღოს ადამიანების ტანჯვას“, – აღნიშნა დუჟარიკმა.