გაერო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი სამხედროების მიერ მოქალაქეთა წამების ფაქტებს იძიებს
გაერო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი სამხედროებისა და დაქირავებული მებრძოლების მიერ მოქალაქეთა წამების ფაქტებს იძიებს. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სულ მცირე ერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ რუსი სამხედროები მას არაადამიანურად ექცეოდნენ.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ქალაქ ბამბარის მცხოვრები რუსებმა დააკავეს და 5 დღის განმავლობაში აწამებდნენ. გაერო-ს ცნობით, მამაკაცს ხელის თითი მოაჭრეს და ზურგი დაუსერეს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ ის ადგილობრივ ბაზარში ვაჭრობს. მაჰამატ ნურ მამადუს თქმით, მას ლიკვიდაციით ემუქრებიან.
მამადუ ყვება, რომ 11 იანვარს ის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმიიის ჯარისკაცებმა დააკავეს. შემდეგ მას რუსები კითხავდნენ.
დაკავებულის გათავისუფლება 15 იანვარს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.