ფრიდრიხ მერცი – როგორც ჩანს, რუსეთი ამ ეტაპზე სერიოზული მოლაპარაკებებით საერთოდ არ არის დაინტერესებული

11:33, 30.09.2026

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მოსკოვმა დაამტკიცა, რომ არ არის მზად „სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“ მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა გერმანელ კოლეგასთან მოულოდნელი შეხვედრა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს გაერო-ში 26 სექტემბერს შეხვდა. ეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა იყო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ვადეპულის პოზიცია შეაფასა როგორც „არაფერი ახალი“.

მერცმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

„რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრის შემდგომმა შეფასებამ აჩვენა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სერიოზული მოლაპარაკებებით საერთოდ არ არის დაინტერესებული. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა – არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კანცლერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გერმანიის მთავრობის მოთხოვნებს კრემლის მიმართ: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შეჭრა უკრაინაში; ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების პირობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში; ხოლო უკრაინისთვის ღია უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა.

„მე მხოლოდ კიდევ ერთხელ შემიძლია, ვთქვა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, მათ შორის მის ეკონომიკასაც. რუსეთი ამ ომს თუ გააგრძელებს, ამისთვის მას საფასურის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა მერცმა.

მსგავსი