მედია – იოჰან ვადეპულმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას რუსეთს მოუწოდა, „უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე“

00:16, 27.09.2026

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე „ახალი არაფერი მოუსმენია“.

„ბატონმა ვადეპულმა სწორედ შავი ზღვის ინიციატივის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხვა საკითხიც იყო ნახსენები, თუმცა ახალი არაფერი მომისმენია იმასთან შედარებით, რასაც ბერლინი ყოველდღიურად საჯაროდ აცხადებს. ეს მას სრულიად გულწრფელად ვუთხარი: „ვიფიქრე, რომ რაიმე საინტერესო, რაღაც უჩვეულო გქონდათ სათქმელი, მაგრამ შეგეძლოთ, უბრალოდ დაგერეკათ და გეთქვათ: „წაიკითხეთ ჩემი გამოსვლა“. შედეგად, ამ საკითხზე გამოსვლას კიდევ ერთხელ მოვუსმინე“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, გერმანიის დელეგაციიდან წყაროს ცნობით, ვადეპულმა რუსეთს მოუწოდა, „ყველაფერი გააკეთოს შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად“. წყაროს ინფორმაციითვე, ასევე, ვადეპულმა ლავროვს განუცხადა, რომ „დრო მნიშვნელოვანია: ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, სურსათის დეფიციტის გათვალისწინებით, ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“.

წყაროს ცნობით, ვადეპულმა ლავროვს ასევე უთხრა, რომ პრაგმატულმა გადაწყვეტამ შესაძლოა, გზა გაუხსნას შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებს.

გერმანულ დელეგაციაში წყაროს ცნობით, ვადეპულმა შეხვედრისას რუსეთს მოუწოდა, „უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე“.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ლაიფციგის ინციდენტზე. გერმანიის დელეგაციიდან წყაროს ცნობით, ვადეპულმა განაცხადა, რომ „თავდასხმის ბოლო მცდელობის მსგავსი ინციდენტები ან სხვა ჰიბრიდული თავდასხმები გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვერ შეარყევს“.

მსგავსი