ფრე წყალტუბოში - ლიდერების რისხვად ქცეულმა „სამგურალმა“ „საბურთალოსთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ფრე წყალტუბოში - ლიდერების რისხვად ქცეულმა „სამგურალმა“ „საბურთალოსთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ბოლო შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის, რომელიც უმაყურებლოდ ჩატარდა, მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს.

მეორე წრეში თბილისის „დინამოსთან“ საშინაო მატჩის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტმა წყალტუბოს სტადიონზე სამი მატჩით აკრძალა გულშემატკივრების დასწრება. „თელავთან“ მატჩის შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სადისციპლინო კომიტეტის მიღებული ვერდიქტი ამ დროის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის გამოც „სამგურალს“ მაყურებლების გარეშე ორი საშინაო შეხვედრის გამართვა მოუწევს.

მე-18 წუთზე სტუმრებმა ანგარიში მეკარის შეცდომით გახსნეს – მაქსიმე ქვილითაიამ საკუთარ კართან აკაკი შულაიას მოტყუება სცადა, „საბურთალოს“ თავდამსხმელმა კი ბურთი აართვა და ცარიელ კარში გაიტანა.

სამგურალმა“ წონასწორობა მალე აღადგინა. 28-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან დავით კირკიტაძემ კარის წინ სერგო კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით „საბურთალოს“ კარი აიღო 1:1. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

ეროვნულ ლიგაში გამართული 20 მატჩის შემდეგ „სამგურალმა“ 28 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ლიდერთა სამეულის გუნდებთან სხვაობის მინიმუმამდე შემცირების შანსი ვერ გამოიყენა. თავის მხრივ, „საბურთალო“ (32) გორის „დილას“ (32) ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ „ლოკომოტივის“ (33) გადასწრება და მესამე ადგილზე დაწინაურება ვერ მოახერხა.

დატოვე კომენტარი