ერთა ლიგა | ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი უკრაინასთან რთულ შეხვედრას ელის #1TVSPORT
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა ერთა ლიგაში უკრაინის ნაკრებთან მომავალი მატჩზე (14 ნოემბერი) კომენტარი გააკეთა.
„ფეხბურთელებს უდიდესი მოტივაცია აქვთ. ყველაფერი მარტივადაა – არა მგონია, რომ ფეხბურთელების გასამხნევებლად რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა დამჭირდეს. მათ აქვთ შანსი, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ და A ლიგაში გადავიდნენ, სადაც უმაღლესი დონის ნაკრებებს ეთამაშებიან. ეს მნიშვნელოვანი მიზანია და მისი მიღწევა უდიდესი წარმატება იქნება.
უკრაინის ნაკრები ძლიერი გუნდია, ისევე როგორც უნგრეთი – რომელიც, სხვათა შორის, ერთა ლიგის წინა გათამაშებაში A ლიგაში გამოდიოდა. უკრაინას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, ეს ძალიან ამაყი ერია, რაც აშკარად ჩანს ყოველ ჯერზე, როდესაც მათი გუნდი თამაშობს.
კარგად ვაცნობიერებთ იმ შესაძლებლობას, რაც წინ გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, სრულად გვესმის, რომ წინ დიდი გამოწვევა გველოდება“, – განაცხადა ო’ნილმა Belfast Telegraph-თან.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 14 ნოემბერს, ბელფასტში 23:45 საათზე დაიწყება.