„ფიორენტინამ“ გამოაცხადა, რომ ფრანგი ვეტერანი ფრანკ რიბერი ორშაბათიდან დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს.
36 წლის ნახევარმცველმა აქილევსის მყესი იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ლეჩესთან“ მატჩში დაიზიანა. ეს შეხვედრა დეკემბერში გაიმართა. რიბერიმ ოპერაცია გადაიტანა და მაშინ ექიმებმა ივარაუდეს, რომ ფეხბურთელი მარტამდე ვერ გავიდოდა მოედანზე.
მაგრამ ფრანგის გამოჯანმრთელების პროცესი ნავარაუდებზე სწრაფად წარიმართა და ორშაბათიდან ის ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაიწყებს, ერთი თვის შემდეგ კი სრულად აღიდგენს კონდიციებს.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.